logo
ENG



"ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა" - სვიმონ დადიანის ნათესავები წულუკიანს

16 თებ 202321:22
3 წუთის საკითხავი
 

მხატვარი სვიმონ დადიანის ნათესავები გენინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან მხატვრის ნამუშევრების გატანის შესახებ თეა წულუკიანსა და კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ.

წერილს მხატვრის დის შვილიშვილი მია ღვინიაშვილი ავრცელებს.

დადიანის შთამომავლების ლია და მიხეილ ვოდეს ცნობით, მათ სვიმონ დადიანის საკუთრებაში არსებული 22 ნამუშევარი 2017 წელს თავად მხატვრის სურვილით გადასცეს "რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე" - ახლობლების ცნობით, განაცხადა სვიმონ დადიანმა სიცოცხლეშივე.

ნათესავების ცნობით, ამ მიზნით მიმართეს სალომე ზურაბიშვილს და მისი შუამდგომლობით "სვიმონ დადიანის სურვილი აღასრულეს".

მხატვრის ახლობლები აცხადებენ, რომ, როგორც მათთვისაა ცნობილი, "საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის", პრეზიდენტის სასახლე კი ამის შესაძლებლობას იძლევა.

მათი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ „სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს".

"ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა" - მიმართავენ სვიმონ დადიანის ნათესავები თეა წულუკიანს და მოუწოდებენ, შეასრულონ საქართველოს სახელმწიფოს  მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება და ნება დართონ მოსახლეობას, იხილონ ეს ნამუშევრები.

სიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების ღია წერილი თეა წულუკიანისადმი:

"2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.

ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას.

ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება.

რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა. დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს  მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება." - ვკითხულობთ წერილში.

სალომე ზურაბიშვილმა 12 თებერვალს საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.

როგორც ცნობილია, 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი გადაიტანეს, ახლა კულტურის სამინისტროს კი მათი დაბრუნება სურს. 

ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ ნამუშევარს "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს".

"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - განაცხადა ინსპექციის წევრმა.

 


close დახურვა